Wednesday, 15 October 2014







სსიპ ქალაქ თბილისის #128 საჯარო სკოლის 23.12.2013  წლის სასკოლო კონფერენციის  ანგარიში
თემა:     ფსიქო-სოციალური პრობლემები და სასკოლო გარემო.
მომხსენებლები: თამარ ქუთათელაძე, დოდო ნარსია, ნინო ებრალიძე, ნატალია ქოჩლაძე.
მომხსენებელმა თამარ ქუთათელაძემ კონფერენციაზე წარმოადგინა პედაგოგიური კვლევის ანალიზი თემაზე: „აგრესიისა და ძალადობის ტენდენციები დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებში“. აგრესიის შესახებ ზოგადი საუბრის შემდეგ მან დამსწრეთ გააცნო V, IX და XI კლასებში განხორციელებული კვლევის შედეგები როგორც სათითაოდ, საფეხურის მიხედვით, ასევე სალაიდშოუს გამოყენებით საერთო ანალიზი. ძალიან საინტერესო იყო ჩვენი სკოლის მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგები. პროცენტული მიმართებით ჩანს, რომ მოსწავლეები გულწრფელნი იყვნენ გამოკითხვისას. პედაგოგ თ.ქუთათელაძის მიერ კითხვარი შედგენილი იყო კომპეტენტურად და იძლეოდა მრავალ ასპექტზე კონკრეტულ პასუხს. გამოიკვეთა სამწუხარო რეალობა, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეებში აშკარაა: ა) აგრესიის გამოვლინებები; ბ)უფროსებისადმი ნდობის დაბალი მაჩვენებელი; გ) ოჯახში არსებული პრობლემები და სხვ. თუმცა იყო დადებითი ტენდენციებიც, მაგ., სკოლაში პრაქტიკულად არ ხორციელდება უფროსი ასაკის მოსწავლეთა მხრიდან უმცროსების ჩაგვრა, დაბალია მასწავლებლის მხრიდან ნებისმიერი ტიპის კონფლიქტის პროვოცირების მაჩვენებელიც, რაც კარგი ტენდენციაა.
მომხსენებელმა დოდო ნარსიამ წარმოადგინა საკონფერენციო თემა: „ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი და ცუდი ქცევა ბავშვებში“. მომხსენებელმა ღრმად გააანალიზა ფართოდ გავრცელებული სინდრომის თავისებურებები. მოიხმო მსოფლიოს წარმატებულ ფსიქოლოგთა მოსაზრებები და შეხედულებები, განიხილა ეს პრობლემა საკუთარ ორ მოსწავლეზე დაკვირვების საფუძველზე. საინტერესოდ დაახასიათა მათი თავისებურებები, ჩამოაყალიბა მათი ქცევის შესაძლო მოტივაცია, მათთან მუშაობის გზები და დამოკიდებულების განსაკუთრებული ხასიათი. მომზადებული ჰქონდა საინტერესო სლაიდშოუ.  მსმენელებმა დაუსვეს მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღეს ამომწურავი პასუხები.
მომხსენებელმა ნინო ებრალიძემ პედაგოგიურ კვლევაზე დაყრდნობით წარმოადგინა საკონფერენციო თემა: აგრესიის პრობლემა მოზარდებში“. აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ყველაზე აქტუალური და მტკივნეული თემა სწორედ აგრესიაა, რომელიც მრავალი მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული, ასეთებია: ოჯახური გარემო, სოციალური წრე, კომპიუტერი, ქუჩა და სხვ. საინტერესო იყო მისი შეხედულება გამომწვევი ფაქტორების შესახებ, რაც გამყარებული იყო შესაბამისი მაგალითებით. ჰქონდა მომზადებული ეფექტური სლაიდშოუ. მან ჩამოაყალიბა თავისი შეხედულებები მოზარდებში აგრესიისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისათვის ეფექტური გზებისა და მეთოდების შემუშავების შესახებ. მსმენელებმა დაუსვეს შეკითხვები და მიიღეს შესაბამისი პასუხები.
მომხსენებელმა ნატალია ქოჩლაძემ წარმოადგინა თემა: „გარდატეხის ასაკი და ასაკობრივი დახასიათება“, რომელიც ასევე ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მსმენელთათვის. აღწერა მოზარდების ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ემოციური მდგომარეობა და მასთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევის რეკომენდაციები შესთავაზა დამსწრეთ. განიხილა გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელი ფიზიოლოგიური ცვლილებები, მათი აზროვნების განვითარების თავისებურებები და ყველაფერი ეს გაამყარა სკოლის მოსწავლეთა მაგალითებით. წარმოადგინა ძალიან ეფექტური სლაიდშოუ, სადაც დიფერენცირებული იყო, ზოგადად, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეთა, და, კონკრეტულად, გარდატეხის ასაკის მოსწავლეთა სოციალური აზროვნების განვითარების სტადიები.

ჩემთვის, როგორც მსმენელისთვის, ეს კონფერენცია მეტად საინტერესო და პროდუქტიული იყო. შევძელი ახალი ინფორმაციის შერწყმა არსებულ ცოდნასთან. ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით მივიღე სრულიად ახალი თეორიული ცოდნა, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკულ საქმიანობაში, გავითვალისწინებ სხვადასხვა ფსიქო-სოციალური პრობლემის მქონე მოსწავლესთან ურთიერთობაში.